logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ქვიშის საათი და "ვანიას ოცნება"

11 ივნ 202320:06
3 წუთის საკითხავი
 

სულ რაღაც სამი კვირის წინ, ჩემსავე ედიტორიალში ვციტირებდი ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერს. პიტერ სტანომ ევროგაერთიანების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობის დინამიკას უკიდურესად შემაშფოთებელი უწოდა. გასული წლის ისედაც დაბალი 44%-იანი მაჩვენებლიდან ამ მონაცემმა 31%-მდე დაიკლო. ორი დღის წინ კი, უკვე ევროკომისიის წარმომადგენელმა ლუკ დევინმა შეგვახსენა, რომ ეს მაჩვენებელი 28 პროცენტამდე დაეცა, მაშინ როცა სხვა კანდიდატი ქვეყნის თავსებადობა ევროკავშირის პოლიტიკასთან 100%-ს აღწევს. მარტივ არითმეტიკას თუ მოვიშველიებთ დავინახავთ, რომ თავსებადობის მაჩვენებელი ყოველკვირეულად 1 პროცენტით მცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, წლის ბოლოსთვის, როდესაც ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტონ, ევროგაერთიანების ერთიან პოლიტიკასთან ჩვენი თანხვედრა არც მეტი არც ნაკლები ნულის ტოლი იქნება, რაც დადებითი გადაწყვეტილების მიღებას უბრალოდ შეუძლებელს გახდის.

ეს არის მოკლე პასუხი კითხვაზე, თუ რატომ იყო შოლცი-ღარიბაშვილის შეხვედრა დახურული, გერმანიის კანცლერი კი ასეთი სიტყვაძუნწი. გერმანულივე პირდაპირობით გვითხრეს, რომ სულ რამდენიმე კვირა აქვს საქართველოს ხელისუფლებას იმის დასამტკიცებლად - გააჩნია თუ არა პოლიტიკური ნება 12 პუნქტის შესასრულებლად. ეს იყო პასუხი იმაზეც, თუ რატომ იყო ევროპარლამენტში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ევროკომისიის ყოველთვის მოზომილი და კონსტრუქციული წარმომადგენელი განსაკუთრებით მკაცრი და იმაზეც, თუ რატომ ჩაახედეს ოცნების დეპუტაცია იძულებით "სარკეში".

აშკარაა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების მოთმინების ფიალა სწრაფად ივსება. სულ რამდენიმე წლის წინ ევროსტრუქტურებში შეხვედრები ტრადიციულად საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით იწყებოდა, ბოლოს კი კანტიკუნტად და მოკრძალებულად შეცდომების გამოსწორებისკენ მოგვიწოდებდნენ. მართალია დროთა განმავლობაში ეს პროპორცია უარესობისკენ იცვლებოდა, თუმცა ფორმა შენარჩუნებული იყო, რაც ოცნების ხელისუფლებას იმის მტკიცების საშუალებას აძლევდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ის ევროკავშირის ლიდერებთან სამუშაო რეჟიმში რჩებოდა. დღეს კი მივედით კონდიციამდე, როდესაც კომიტეტის მთელი სხდომა, მხოლოდ იმას დაეთმო, თუ რა გააფუჭა, ან რა არ შეასრულა საქართველოს მთავრობამ და ყოველგვარი შექებისა თუ ცერემონიების გარეშე მხოლოდ ნეგატიურ ფაქტორებზე გამახვილდა ყურადღება. მეტიც, ღარიბაშვილის შოლცთან შეხვედრას არ ჰქონდა არანაირი საჯარო, გამამხნევებელი კომპონენტი, გარდა საქართველოს პრემიერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ზღაპრებისა. რაც იმაზე მეტყველებს რომ არც ბრიუსელში და არც წევრი ქვეყნების დედაქალაქებში საქართველოს უკვე აღარ განიხილავენ ევროკავშირისადმი კეთილგანწყობილ სახელმწიფოდ, მის მთავრობას კი ევროპულ ღირებულებებთან თავსებად პოლიტიკურ ძალად.

ამას ემატება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ობრაიენის განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველო ერთ-ერთია იმ ხუთ სახელმწიფოს შორის, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის პრობლემას ქმნიან. საქართველოსთან ერთად საეჭვო ხუთეულშია სომხეთი და ყაზახეთი, რომლებთანაც ამ წლის პირველი კვარტლის მონაცემებით საქართველოდან ექსპორტი 190 და 150 პროცენტით, ძირითადად ავტომანქანებისა და საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ხარჯზე გაიზარდა. ამას ემატება უშუალოდ რუსეთში ექსპორტის 60-პროცენტიანი ზრდაც. მართალია საქართველოს ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს და კონკრეტულ მტკიცებულებებს ითხოვს, თუმცა რა შეიძლება იყოს ასეთ საგანგაშო სტატისტიკაზე უფრო დამაჯერებელი მტკიცებულება იმისთვის, რომ დინამიკა ასახოს. დინამიკა კი სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველო პირდაპირ თუ ირიბად რუსეთისთვის სანქცირებული საქონლის მიწოდების მარშრუტის ნაწილია და ეწინააღმდეგება რუსეთის - როგორც ტერორისტული სახელმწიფოს დასუსტების ერთიანი პოლიტიკის სულისკვეთებას.

თბილისისკენ მომართული განგაშის ზარები უკვე ძალიან ხმამაღლა ისმის ყველგან: ევროპარლამენტში, ევროკომისიაში, ბერლინშიც და ვაშინგტონშიც. ყრუ უნდა იყო ვერ გაიგო და ბრმა - ვერ დაინახო, რომ თუ საქართველომ დინამიკა არ შეცვალა, უკეთეს შემთხვევაში წლის ბოლოს ბრიუსელიდან უარით გამოგვისტუმრებენ, უარეს შემთხვევაში კი რუსეთის ხელშეწყობისთვის სანქციებსაც დაგვაკისრებენ. კანცლერ შოლცის მხრიდან ღარიბაშვილისთვის მიცემული რამდენიმე კვირა კი, გადატრიალებული ქვიშის საათია, რომელიც მითითებულ ვადაში ჩამოიცლება, რაც, დროის ამოწურვასთან ერთად დასავლეთის მოთმინების ფიალის ივანიშვილისა და მისი მარიონეტების მიმართ საბოლოოდ ავსებასაც ნიშნავს. ამას კი აუცილებლად საკუთარ ტყავზე იგრძნობს მილიარდერიც და მისი პოლიტიკის შეუცდომლობაში დარწმუნებული სექტად ქცეული ადამიანების დიდი ნაწილიც. სინამდვილეში ოლიგარქის ძალაუფლება და გავლენები არა მყარ საძირკველზე, არამედ სწორედ  ქვიშაზე დგას, კიდევ უფრო ზუსტად კი ბუნდოვანებაზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში, დღემდე, ივანიშვილის ოცნების "ივანეს", უფრო ზუსტად "ვანიას ოცნებად" აღქმას უშლის ხელს.


close დახურვა